239 89 46   მოგვწერეთ
 
 
14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეა

დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება, იგი დიაბეტის ადვოკატირებასა და დაავადებაზე ინფორმირებულობის ზრდას ეძღვნება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს გვთავაზობს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. 2014-2016 წლებისთვის დიაბეტის მსოფლიო დღის თემატიკას წარმოადგენს „ჯანსაღი ცხოვრება და დიაბეტი“, ხოლო კამპანიის მთავარი გზავნილებია:

  • ჯანსაღი კვება იწყება საუზმით
  • გადააქციე ჯანსაღი საკვები იოლ და მარტივ გადაწყვეტილებად
  • ჯანსაღი კვება: გააკეთე სწორი არჩევანი.

დიაბეტის მსოფლიო დღე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის 200-ზე მეტი წევრი ასოციაციის, გაერთიანებული ერების ყველა წევრი სახელმწიფოსა და, ასევე, სხვადასხვა ასოციაციის, ორგანიზაციის, ჯანდაცვის პროფესიონალების, დიაბეტით დაავადებელებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ. 2014 წელს ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციისა და დაავადების სერიოზული გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით; ყურადღება გამახვილდება ყოველი დღის ჯანსაღი საუზმით დაწყების უპირატესობებსა და სარგებელზე, რაც ადამიანებს დაეხმარება მართონ თავიანთი წონა, ხოლო დიაბეტის მქონე პირებს - შეინარჩუნონ სისხლში გლუკოზის საჭირო დონე.

დიაბეტის  მსოფლიო საზოგადოება დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ასოციაციების, დიაბეტზე მომუშავე ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანდაცვის დეპარტამენტების, სამოქალაქო საზოგადოების, კამპანიებისა და ცალკეული პირების სახით შეიმუშავებს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებული აქტივობების მთელ სპექტრს. ყოველწლიური აქტივობები გულისხმობს შემდეგს:

  • რადიო და სატელევიზიო პროგრამები
  • სპორტული ღონისძიებები
  • დაავადებისა და მისი გართულებების უფასო სკრინინგი
  • საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოებისათვის
  • მოსახლეობის ინფორმირება პოსტერებითა და ლიფლეტებით
  • დიაბეტზე სემინარებისა და გამოფენების მოწყობა
  • პრესკონფერენციების მოწყობა
  • გაზეთებსა და ჟურნალებში სტატიების განთავსება
  • ბავშვთა და მოზარდთა ღონისძიებების მოწყობა
  • მსვლელობები, გარბენები
  • ველოგარბენები
  • პოლიტიკური ღონისძიებები

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო ლურჯი რგოლია - გლობალური სიმბოლო, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ლოგო მიღებულ იქნა 2007 წელს გაერთიანებული ერების რეზოლუციით დიაბეტის მსოფლიო დღის აღიარების შემდეგ. ლურჯი რგოლის, როგორც სიმბოლოს მნიშვნელობა, უაღრესად პოზიტიურია - იგი სიმბოლიზდება სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. ლურჯი ფერი განასახიერებს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოებრიობის ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაავადებასთან დაკავშირებულ მზარდ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერი ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეა, რომელმაც საფუძველი  ჩაუყარა  ინსულინის აღმოჩენას ჩარლზ ბესტთან ერთად.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის (დსფ) მონაცემებით დღეისათვის მსოფლიოში 382 მილიონი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით; ექსპერტთა შეფასებით, 2035 წლისათვის დაავადებულთა რიცხვი 592 მილიონს მიაღწევს, ანუ ყოველი მეათე ადამიანი  დიაბეტით იქნება დაავადებული. ფიქრობენ, რომ ამჟამად 316 მილიონი ადამიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკის ქვეშაა და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 500 მილიონამდე გაიზრდება უახლოესი ერთი თაობის ფარგლებში. დიაბეტის მსოფლიო პანდემია განსაკუთრებით სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ის შეუმჩნეველია, ვინაიდან გლობალურად დიაბეტით დაავადებულ შემთხვევათა ნახევარზე მეტი არადიაგნოსტირებული რჩება.

დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევათა უდიდესი ნაწილის პრევენცია შესაძლებელია და დიაბეტის სერიოზულ გართულებებს თავიდან ავიცილებთ  ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებით.

 

რისკის ფაქტორები

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის რისკის ფაქტორებს დღემდე სწავლობენ.   დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის ოჯახური ანამნეზის არსებობისას, დაავადების განვითარების რისკი  უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. ეკოლოგიური ფაქტორებისა და ზოგიერთი ვირუსული ინფექციის ექსპოზიცია მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე განიხილება როგორც  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების რისკები.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების შესაძლო რისკის ფაქტორებია:

  • ოჯახური ანამნეზი
  • ჭარბი წონა
  • არაჯანსაღი კვება
  • ფიზიკური ინაქტივაცია
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ეთნიკურობა
  • გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა
  • გესტაციური დიაბეტის ანამნეზი
  • ორსულობის დროს არასაკმარისი კვება.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (გტდ) ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის შუალედურ მდგომარეობას წარმოადგენს. კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში ცვლილებებმა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ურბანიზაციასთან, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირთა რიცხვი გაზარდა.

ორსულ ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, დიაგნოსტირებული იყვნენ გტდ-ზე, ან ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტის  ოჯახური ანამნეზი, აქვთ გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. და, ბოლოს, წარსულში დიაგნოსტირებული გესტაციური დიაბეტი ან გარკვეული ეთნიკური ჯგუფი გტდ-ს მიმართ  მომატებული რისკის ქვეშ აყენებს ქალებს.

დიაბეტის ნიშნები და სიმპტომები

დიაბეტით დაავადებულ პირებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები და ნიშნები, თუმცა ზოგჯერ დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ.

დიაბეტისათვის დამახასიათებელი ჩივილებია:

  • გაძლიერებული შარდვა
  • წყურვილის გაძლიერებული გრძნობა
  • წონის კარგვა
  • დაღლილობა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • ფეხებისა და ხელების დაბუჟება და ჩხვლეტა
  • მხედველობის დაქვეითება
  • ხშირი ინფექციები
  • ჭრილობების გვიანი შეხორცება
  • პირღებინება და მუცლის არეში ტკივილი (ხშირად გრიპის მცდარი კლინიკა).

თუკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ვითარდება სწრაფად და უეცრად, დიაბეტი ტიპი 2 ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით  და ამიტომ,  ხშირად რთულია  მისი დიაგნოსტირება.

 

დიაბეტის გართულებები

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკი აღენიშნებათ.  სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვების, თვალების, თირკმლების, ნერვების და კბილების  სერიოზული დაზიანება. ასევე, დიაბეტით დაავადებულებს აქვთ მიდრეკილება ინფექციებისადმი.  მაღალი შემოსავლების მქონე თითქმის ყველა ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიბრმავის,  თირკმლის უკმარისობისა და ქვედა კიდურების ამპუტაციის უმთავრესი მიზეზი. სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის, არტერიული წნევის, ქოლესტერინის ნორმასთან დაახლოებული  დონის შენარჩუნებას შეუძლია დიაბეტის გართულებების რისკის შეჩერება და თავიდან აცილება, ამიტომ დიაბეტით დაავადებულები უნდა იტარებდნენ მუდმივ მონიტორინგს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა,  გავლენას ახდენს რა გულსა და სისხლძარღვებზე,  შეიძლება გამოიწვიოს ფატალური გართულებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები (მაგ. ინფარქტი) და ინსულტი. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.  მაღალი არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და სხვა ფაქტორები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა გართულებების მზარდ რისკს.  

თირკმლის დაავადებები  (დიაბეტური ნეფროპათია). დიაბეტით დაავადებულებს თირკმლის პათოლოგია უფრო ხშირად აღენიშნებათ პოპულაციის დანარჩენ ჯგუფთან შედარებით.  სისხლში გლუკოზისა და არტერიული წნევის  ნორმალურ, დაახლოებულ დონესთან შენარჩუნებამ  შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს  თირკმლის დაავადებების რისკი.

დიაბეტური ნეიროპათია. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება მთელი სხეულის გასწვრივ, როდესაც სისხლში გლუკოზა და არტერიული წნევა ზედმეტად მაღალია.
შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის  პრობლემებმა, ერექციულმა დისფუნქციამ  და სხვა მრავალი ფუნქციის დარღვევამ იჩინოს თავი. ხშირად ზიანდება  კიდურები, კერძოდ, ფეხები. ნერვის დაზიანებას ამ ადგილზე  ეწოდება პერიფერიული ნეიროპათია და, შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაკარგვა. მგრძნობელობის დაკარგვის  შეგრძნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა დაზიანებები განვითარდეს  შეუმჩნეველად, რასაც სერიოზული ინფექციები და შესაძლო ამპუტაცია მოჰყვება.  დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ამპუტაციის რისკი 25-ჯერ მეტია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არა აქვს დიაბეტი. თუმცა, სრულყოფილი მართვა  დიაბეტთან დაკავშირებულ ამპუტაციის მნიშვნელოვან შემთხვევებს თავიდან აგვაცილებს. ამპუტაციის შემდეგ  დარჩენილი ფეხისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია კიდურების შემდგომი მოვლით, მულტიდისციპლინარული გუნდის საშუალებით. დიაბეტით დაავადებული პირები რეგულარულად უნდა იმოწმებდნენ ტერფს, მასზე განვითარებული დაზიანებების დროული გამოვლენის მიზნით.

თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია). დიაბეტით დავადებულ პირთა უმრავლესობას უვითარდება თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია), რომლებიც მხედველობის დაქვეითებასა და სიბრმავეს იწვევს.  სისხლში გლუკოზის მომატებული დონე მაღალ არტერიულ წნევასა და მაღალ ქოლესტერინთან  ერთად რეტინოპათიის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს. აღნიშნულის მართვა შესაძლებელია  გლუკოზისა და ქოლესტერინის ნორმასათან მიახლოებული  დონისა და, ასევე, თვალის რეგულარული კონტროლით.

ორსულობის გართულებები. ქალებს, ორსულობის პერიოდში ნებისმიერი ტიპის დიაბეტით, აქვთ გართულებების მაღალი რისკი, თუ ისინი გულდასმით არ აკონტროლებენ  და არ მართავენ თავიანთ მდგომარეობას. ნაყოფის ორგანოების შესაძლებელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებმა ორსულობამდე უნდა მიაღწიონ გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლებს. დიაბეტი ტიპი 1-ით,  ტიპი 2- ით ან გესტაციური დიაბეტით დაავადებული ყველა ქალისთვის ორსულობის დროს  აუცილებელია სისხლში გლუკოზის სამიზნე დონის მიღწევა გართულებების მინიმალიზაციის თვალსაზრისით. ორსულობის დროს  სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ჭარბწონიანობა. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს  მშობიარობის დროს პრობლემები, ახალშობილისა და დედის ტრავმა და სისხლში გლუკოზის მოულოდნელი შემცირება ბავშვის დაბადების შემდეგ. ბავშვებს, რომლებიც  მუცლადყოფნის პერიოდში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედის სისხლში გლუკოზის მაღალი დონის გავლენას განიცდიან, მოზრდილობაში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ.

დიაბეტის პრევენცია

დღეისათვის, დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენცია შეუძლებელია. ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც, როგორც ითვლება, პროცესის გენერირების გზით ინსულინწარმომქმნელი უჯრედების განადგურებას იწვევეს,   კვლევის პროცესშია. 

არსებობს უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია. სიმსუქნე, განსაკუთრებით აბდომინალური, დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებასთან. წონის კლება აუმჯობესებს ინსულინორეზისტენტობასა და არტერიულ წნევას. ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დიაბეტის პროფილაქტიკაში. ფიზიკური აქტივობის გაზრდა ხელს უწყობს წონის შემცირებას  და დაკავშირებულია არტერიული წნევისა და მოსვენებითი გულისცემის შემცირებასთან, ზრდის ინსულინრეზისტენტობას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტა აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. ჯანსაღი დიეტა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.

მოწევა მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის, დიაბეტისა და მისი გართულებების კარგად დადგენილი რისკის ფაქტორია. ისევე, როგორც სხვა მავნე ჩვევები, მოწევა ზრდის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებასა და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. ყველა მწეველი უნდა წახალისდეს, რათა  თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას.

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO