239 89 46   მოგვწერეთ
 
 
17 ნოემბერი – დღენაკლულ ბავშვთა მსოფლიო დღე

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2014

გავხადოთ მსოფლიო „იისფერი“ დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად 15 მილიონი ბავშვი, აქედან 500 000 ევროპის რეგიონში, იბადება ნაადრევად, რაც დაბადებული ბავშვების დაახლოებით  10%-ს შეადგენს. დღენაკლ ახალშობილთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, როგორიცაა: მალავი 18.1*, კომორის კუნძულების კავშირი 16.7*, კონგო 16.7*, ზიმბაბვე 16.6*, ეკვატორული გვინეა 16.5* მოზამბიკი 16.4*, გაბონი 16.3*, პაკისტანი 15.8*, ინდონეზია 15.5*, მავრიტანია 15.4* (ჯანმო 2012). ამრიგად, მსოფლიოში ყოველწლიურად არამარტო იმ ბავშვთა რაოდენობა მატულობს, რომელთაც ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, არამედ აგრეთვე მატულობს ეგრეთ წოდებული „ყოფილ დღენაკლ ბავშვთა რაოდენობა“. 

*დღენაკლულ ახალშობილთა რიცხვი ყოველ 100 ცოცხალშობილზე

საქართველოში ყოველი 13 ახალშობილიდან 1 დღენაკლია (ქალთა რეპროდუქციული კვლევა, საქართველოში 2010).

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილიდან მილიონამდე 5-წლამდე ასაკში იღუპება.

შემთხვევათა 75%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია ძვირად ღირებული სამედიცინო აპარატურის და მკურნალობის გამოყენების გარეშე.

ბავშვებს, რომლებიც ნაადრევად დაიბადნენ, ქცევითი და გონებრივი დარღვევების, ცერებრალური დამბლის, სენსორული და მოტორული დეფიციტის, ინფექციური დაავადებების, ქრონიკული რესპირატორული, კარდიოვასკულარული დაავადებებისა და  დიაბეტის მაღალი რისკი აქვთ.

იმის მიუხედავათ, რომ დღენაკლ ბავშვთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილების გზებისა და იმ რისკებისა და პრობლემების შესახებ, რომლებიც დღენაკლი ბავშვის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი წელს მეოთხედ აღინიშნება. 2013 წელს მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა ეს დღე და, შესაბამისად, გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ; აღნიშნული საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.4 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. ოჯახები, რომლებმაც გამოცადეს დღენაკლი ახალშობილის დაბადება, შეძლებენ საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ისტორიები და გამოცდილება თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით, მაგალითად www.facebook.com-ზე არსებული დღენაკლთა საერთაშორისო დღის ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.

ახალშობილთა მოვლის ძირითადი მეთოდები

ახალშობილთა მოვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე დღენაკლ ახალშობილებს ეხება. დღენაკლ ახალშობილთა მოვლის ერთერთი იაფი, თუმცა მეტად ეფექტური მეთოდი, რომლის ხშირი გამოყენება არ ხდება, კენგურუს მეთოდია.

კენგურუს მეთოდი პირველად 1967 წელს დაინერგა. ამ მეთოდის გამოყენებით ხდება მცირე წონიანი ახალშობილის დედასთან კანით-კანზე კონტაქტი, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვების წამოწყებას და ახალშობილის გათბობას. დღენაკლი ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი პატარა სხეული სწრაფად კარგავს სითბოს, რაც ზრდის დაავადებების, ინფექციებისა და სიკვდილის რისკს. ექსპერტთა მოსაზრებით ამ მეთოდის ფართო დანერგვამ ყოველწლიურად 450 000 სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს.

 

დღენაკლობის პრევენცია - თანამედროვეობის გამოწვევა

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ვიპოვოთ ორსულობის სრულ ვადამდე, ან 39 კვირამდე მაინც, მიყვანის გზები. შესწავლილია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, ქალის წონანაკლულობა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალურ მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

 

დღენაკლთა საერთაშორისო დღე საქართველოში

საქართველო დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეს 2011 წლიდან აღნიშნავს. წელს ევროპის ახალშობილებზე ზრუნვის ფონდი (EFCNI) საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციასთან ერთად 17 ნოემბერს თბილისში გეგმავს ამ დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრის გამართვას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. World Prematurity Day highlights effective, low-cost care – http://www.who.int/maternal_child_adolescent/news_events/news/2012/world_prematurity_day/en/
  2. ქალთა რეპროდუქციული ჯამრთელობის კვლევა, საქართველოში – 2010 წელი - http://www.ncdc.ge/uploads/publications/angarishebi/GERHS_2010_%20Final%20Report%20%20ENGL.pdf
  3. WHO – Preterm Birth -  http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs363/en/
  4. The worldwide incidence of preterm birth: a systematic review of maternal mortality and morbidity – http://who.int/bulletin/volumes/88/1/08-062554/en/
  5. EFCNI - European Foundation for the Care of Newborn - World Prematurity Day 2014 – http://www.efcni.org/index.php?id=wpd
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO