239 89 46   მოგვწერეთ
 
 
წითელა

წითელა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები

World Health Organization Fact sheet N°286
თებერვალი 2013

მნიშვნელოვანი ფაქტები

• მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომია უსაფრთხო და ხარჯთეფექტური ვაქცინა, წითელა ბავშვებში გარდაცვალების ერთერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.
• 2011 წელს, მთელს მსოფლიოში 158 000 ადამიანი გარდაიცვალა წითელას დიაგნოზით - 480 გარდაცვალება ყოველ დღე ან 18 - ყოველ საათში.
• გარდაცვალების 95% მოდის დაბალ-შემოსავლიან ქვეყნებზე, ჯანმრთელობის დაცვის სუსტი ინფრასტრუქტურით.
• 2000 წლიდან 2011 წლამდე, წითელას ვაქცინაციის შედეგად, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 71%-ით შემცირდა.
• 2011 წელს, მსოფლიოში ბავშვთა 84%-მა მათი პირველი დაბადების დღისთვის მიიღო წითელას ვაქცინის ერთი დოზა ჯანმრთელობის რუტინული სერვისების გზით - 2000 წელს კი - 72%-მა.

წითელა მაღალკონტაგიოზური, სერიოზული ვირუსული დაავადებაა. 1980 წელს, ფართოდ გავრცელებული ვაქცინაციის დაწყებამდე, წითელა ყოველწლიურად 2.6 მილიონი სიკვდილის მიზეზი იყო.
წითელა ბავშვებში კვლავ რჩება სიკვდილის გამომწვევ ერთერთ ძირითად მიზეზად მთელს მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომია უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. დაახლოები 158 000 ადამიანი გარდაიცვალა 2011 წელს წითელას დიაგნოზით - ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
წითელას გამომწვევია პარამიქსოვირუსების ოჯახის ვირუსი. წითელას ვირუსი როგორც წესი იზრდება ყელის უკანა ზედაპირის და ფილტვების ქსოვილებში. წითელა ადამიანის დაავადებაა და ასევე ცნობილია, რომ იგი ცხოველებს არ ემართებათ.
იმუნიზაციის დაჩქარებულ ღონისძიებებს დიდი გავლენა ჰქონდა წითელას დიაგნოზით გარდაცვლილი შემთხვევების რაოდენობის შემცირებაზე. 2000 წლიდან, მაღალი რისკის ქვეყნებში, ერთ მილიარდზე მეტი ბავშვი აიცრა მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში - მათგან დაახლოებით 225 მილიონი 2011 წელს. მსოფლიოში წითელას მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდა 71%-ით - დაახლოებით 548 000-დან 158 000-მდე.

ნიშნები და სიმპტომები

ჩვეულებრივ, წითელას პირველი ნიშანი მაღალი ცხელებაა, რომელიც ვირუსთან ექსპოზიციის მე-10-12 დღეს იწყება, და ოთხიდან შვიდ დღემდე გრძელდება. საწყის ეტაპზე ასევე შესაძლებელია აღინიშნოს გამონადენი ცხვირიდან, ხველება, წითელი და წყლიანი თვალები, პატარა თეთრი ლაქები ლოყის შიგნითა ზედაპირზე. რამდენიმე დღის შემდეგ, ვითარდება გამონაყარი, ჩვეულებრივ სახეზე და კისრის ზედა ნაწილზე. შემდეგი სამი დღის განმავლობაში გამონაყარი ვრცელდება, და საბოლოოდ ხელებს და ფეხებს აღწევს. გამონაყარი 5-დან 6 დღემდე გრძელდება და შემდეგ თანდათან ქრება. საშუალოდ, გამონაყარი აღინიშნება ვირუსთან ექსპოზიციიდან 14 დღის შემდეგ (7-დან 18 დღემდე დიაპაზონით).
წითელას მძიმე ფორმის განვითარების რისკი მაღალია ბავშვებში, რომლებიც განიცდიან კვების ნაკლებობას, განსაკუთრებით მათში, ვისაც აქვს A ვიტამინის დეფიციტი, ან მათში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია აივ/შიდსით ან სხვა დაავადებით.
წითელასთან დაკავშირებული გარდაცვალების დიდი ნაწილი ვითარდება დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად. გართულებები უფრო ხშირად 5 წლამდე ბავშვებს ან 20 წლის ზევით მოზრდილებს უვითარდება. ყველაზე სერიოზულ გართულებას მიეკუთვნება სიბრმავე, ენცეფალიტი (ინფექცია, რომელიც ტვინის შეშუპებას იწვევს), მწვავე დიარეა და მასთან დაკავშირებული დეჰიდრატაცია, ყურის ინფექცია, ან ისეთი მწვავე რესპირატორული ინფექცია, როგორიც არის პნევმონია. წითელათი გამოწვეული გარდაცვალების 10% ვითარდება ისეთ პოპულაციაში, სადაც აღინიშნება ცუდი კვების მაღალი ხარისხი და ჯანდაცვის სათანადო მომსახურების ნაკლებობა. ინფიცირებული ორსულები ასევე იმყოფებიან მწვავე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ და ორსულობა შეიძლება აბორტით ან ნაადრევი მშობიარობით დამთავრდეს. გამოჯანმრთელებულ შემთხვევებს აქვთ იმუნიტეტი წითელას მიმართ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ვინ არის რისკის ქვეშ?

ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, მიეკუთვნებიან წითელას და მისი გართულებების (სიკვდილის ჩათვლით) განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. ასევე მაღალია რისკი ორსულებში, რომლებიც არ არიან აცრილი. ნებისმიერი არა-იმუნური პირი (ვინც არ არის აცრილი ან ვინც არის აცრილი, მაგრამ არ განუვითარდა იმუნიტეტი) შეიძლება დაინფიცირდეს.
წითელა კვლავ ხშირად ვითარდება განვითარებად ქვეყნებში - კერძოდ აფრიკაში და აზიაში. ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება წითელას ვირუსით. ლეტალური შემთხვევების დიდი უმრავლესობა (95%-ზე მეტი) ვითარდება დაბალ შემოსავლიან და ჯანდაცვის სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში.
წითელას ეპიდაფეთქებას შეიძლება განსაკუთრებულად მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებდეს იმ ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ან ახლახან აქვს გადატანილი ბუნებრივი კატაკლიზმები ან კონფლიქტები. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის და სერვისების შეფერხება ხელს უშლის რუტინულ იმუნიზაციას, და საცხოვრებელ ბანაკებში მჭიდრო დასახლება ზრდის ინფიცირების რისკს.

გადაცემა

მაღალ-კონტაგიოზური ვირუსი ვრცელდება ხველით და ცემინებით, ახლო კონტაქტით ან ცხვირის ან ყელის გამონადენთან პირდაპირი კონტაქტით.
ვირუსი ორ საათამდე ინარჩუნებს აქტიურობას და კონტაგიოზურობას ჰაერში ან ინფიცირებულ ზედაპირზე. იგი შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული ადამიანიდან, გამონაყრის გაჩენამდე 4 დღის განმავლობაში.
წითელას ეპიდაფეთქება შეიძლება გადავიდეს ეპიდემიაში, რომელიც იწვევს ბევრ გარდაცვალებას, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც განიცდიან კვების ნაკლებობას. ქვეყნებში, სადაც წითელა ძირითადად ლიკვიდირებულია, სხვა ქვეყნიდან შემოსული შემთხვევები ინფექციის მნიშვნელოვანი წყაროა.

მკურნალობა

წითელას ვირუსისთვის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს.
წითელას მიერ გამოწვეული მწვავე გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია თანმხლები ზრუნვის უზრუნველყოფით, რაც გულისხმობს სრულყოფილ კვებას, სითხის ადექვატურ მიღებას და დეჰიდრატაციის მკურნალობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ორალური რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენებით. აღნიშნული ხსნარი ავსებს სითხის და სხვა მნივნელოვანი ელემენტების ნაკლებობას, რომელიც დიარეის ან პირღებინების შედეგად არის განვითარებული. ანტიბიოტიკების დანიშვნა უნდა მოხდეს თვალის და ყურის ინფექციის, და პნევმონიის სამკურნალოდ.
განვითარებად ქვეყნებში, ყველა ბავშვს, რომლებსაც დაესვათ წითელას დიაგნოზი, უნდა დაენიშნოთ ვიტამინი A-ს დანამატები - 2 დოზა, 24 საათიანი შუალედით. აღნიშნული მკურნალობა აღადგენს წითელას ინფექციის დროს განვითარებულ ვიტამინ A-ს დაბალ დონეს, რაც შეიძლება სრულყოფილად ნაკვებ ბავშვებშიც განვითარდეს, და ხელს უშლის თვალის დაზიანებას და სიბრმავის განვითარებას. დადგენილია, რომ წითელათი დაავადებულებში, ვიტამინი A-ს დანამატები ამცირებენ გარდაცვალების სიხშირეს 50%-ით.

პრევენცია

იმ ქვეყნებში სადაც აღინიშნება შემთხვევების და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, ბავშვებში წითელას რუტინული ვაქცინაცია, მასობრივ იმუნიზაციასთან ერთად, არის წითელას დიაგნოზით გამოწვეული გარდაცვალებების რაოდენობის შემცირების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძირითადი სტრატეგია. 40 წელზე მეტია გამოიყენება წითელას ვაქცინა. იგი არის უსაფრთხო, ეფექტური და იაფი. წითელას საწინააღმდეგო თითოეული აცრა ერთ ამერიკულ დოლარზე იაფი ჯდება.
წითელას ვაქცინა ხშირად გამოიყენება წითურას ან/და ყბაყურას ვაქცინებთან ერთად იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული დაავადება პრობლემას წარმოადგენს. იგი თანაბრად ეფექტურია როგორც ცალკე, ასევე კომბინირებულ ფორმაში.
2011 წელს, მსოფლიოში ბავშვთა 84%-მა მათი პირველი დაბადების დღისთვის მიიღო წითელას ვაქცინის ერთი დოზა რუტინული ჯანმრთელობის სერვისების გზით - 2000 წელს კი - 72%-მა. ასევე რეკომენდებულია ვაქცინის ორი დოზის მიღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმუნიტეტი და ეპიდაფეთქების პრევენცია. აცრილი ბავშვების თითქმის 15%-ს პირველი ვაქცინის მიღების შედეგად არ უვითარდება იმუნიტეტი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეაგირება

ათასწლეულის განვითარების მიზანი (MDG 4) არის ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის შემცირება ორი მესამედით 1990 წლიდან 2015 წლამდე. იქედან გამომდინარე, რომ წითელას ვაქცინაციას ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების პოტენციალი გააჩნია, წითელას რუტინული ვაქცინაციით მოცვა შერჩეულ იქნა პროგრესის ინდიკატორად MDG 4-ის მისაღწევად.
მიღებული შედეგები მოწმობს წითელას და წითურას შემცველი ვაქცინების ხელმისაწვდომობით მიღებულ სარგებელზე. 2000 წელს მსოფლიოში, დაახლოებით 548 000 ბავშვი გარდაიცვალა წითელას დიაგნოზით. 2011 წლისთვის, მსოფლიოში ვაქცინის მოცვის გაუმჯობესებამ გამოიწვია სიკვდილიანობის 71%-ით შემცირება. 2000 წლიდან, წითელას და წითურას ინიციატივის (M&R ინიციატივა) მხარდაჭერით, 1 მილიარდზე მეტი ბავშვის აცრა გახდა შესაძლებელი მასობრივი ვაქცინაციის გზით - მათგან 225 მილიონი 2011 წელს.
M&R ინიციატივა არის WHO-ს, UNICEF-ის, ამერიკის წითელი ჯვრის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის, და გაერთიანებული ერების ფონდის ერთობლივი ძალისხმევა, რათა დაეხმარონ ქვეყნებს წითელას და წითურას კონტროლის მიზნების მისაღწევად.
2012 წლის აპრილში, M&R ინიციატივამ აამუშავა ახალი წითელას და წითურას გლობალური სტრატეგიის გეგმა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2012-დან 2020 წლამდე. გეგმა მოიცავს ახალ გლობალურ მიზნებს 2015 და 2020 წლებისთვის:

2015 წლის ბოლოსთვის

• 2000 წელთან შედარებით, შემციდრეს წითელას მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა 95%-ით.
• მიღწეულ იქნას წითელას და წითურას/თანდაყოლილი წითურას სინდრომის (CRS) რეგიონული ელიმინაციის მიზნები.

2020 წლის ბოლოსთვის

• მიღწეულ იქნას წითელას და წითურას ლიკვიდაცია WHO-ში შემავალ ხუთ რეგიონში.
სტრატეგიაში ყურადღება არის გამახვილებული ხუთი ძირითადი კომპონენტის იმპლემენტაციაზე:
1. ვაქცინაციის მაღალი დაფარვის მიღწევა და შენარჩუნება, წითელას და წითურას შემცველი ვაქცინის ორი დოზის გამოყენებით;
2. დაავადების მონიტორინგი ეფექტური ეპიდზედამხედველობის გზით, და პროგრამული ძალისხმევის შეფასება, რათა უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინაციის პროგრესი და დადებითი გავლენა;
3. ეპიდაფეთქებისთვის მზადყოფნის, მასზე სწრაფი რეაგირების და შემთხვევების ეფექტური მკურნალობის შემუშავება და შენარჩუნება;
4. კომუნიკაციის დამყარება და ჩართვა პროცესებში, რათა მოპოვებულ იქნას საზოგადოების ნდობა და მოთხოვნაიმუნიზაციაზე;
5. ჩატარდეს ხარჯთეფექტური ქმედებებისთვის, ვაქცინაციის გაუმჯობესებისთვის და დიაგნოსტიკური საშუალებებისთვის საჭირო კვლევები.
სტრატეგიული გეგმის დანერგვამ შეიძლება სწრაფად და მედგრად დაიცვას და გააუმჯობესოს ბავშვთა და დედათა ცხოვრების დონე მთელს მსოფლიოში. გეგმაში მოცემულია სტრატეგია ქვეყანაში იმუნიზაციის მენეჯერებისთვის, რომლებიც მუშაობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიღწეულ იქნას 2015 და 2020 წლის წითელას და წითურას მართვის და ლიკვიდაციის მიზნები. იგი დამყარებულია იმუნიზაციის პროგრამის დანერგვის პროცესის დროს, წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე, ასევე ითვალისწინებს და მოიცავს წითელას დაჩქარებული მართვის და პოლიომიელიტის ერადიკაციის ინიციატივის დროს შესწავლილ მონაცემებს.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs286/en/

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO