239 89 46   მოგვწერეთ
 
 
მსოფლიოში ებოლას ეპიდსიტუაციის დაიჯესტი

15 დეკემბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია ებოლას შემთხვევათა საერთო რაოდენობის შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ სიერა ლეონეში ახალ შემთხვევათა გამოვლენა კვლავ აქტიურად გრძელდება. 13 დეკემბერს ამ ქვეყანაში დაავადება დაუდგინეს 40-ზე მეტ ახალ პაციენტს. ამ შემთხვევების უმეტესობა კვლავ დედაქალაქ ფრითაუნში ფიქსირდება. სულ ცოტა ხნის წინ სიერა ლეონემ შემთხვევათა რაოდენობით გადაუსწრო ლიბერიას და ამჟამად ებოლას ვირუსული დაავადების ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე ქვეყანას წარმოადგენს.

გაეროს წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს თქმით, ებოლას ეპიდაფეთქების სრულად გაკონტროლებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ნაბაროს განცხადებით, გასული ოთხი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, რადგან საზოგადოებამ გააძლიერა მცდელობა ეპიდემიის გასაკონტროლებლად და პროცესში მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი ეპიდემიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით დასავლეთ სიერა ლეონეში.

12 დეკემბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით (10 დეკემბერი), ებოლას ვირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 17 942-ს შეადგენს. შემთხვევათა ინციდენტობა ოდნავ მატულობს გვინეაში, მცირდება ლიბერიაში და მცირედ იზრდება ან სტაბილურია სიერა ლეონეში. მალიში ებოლათი დაინფიცირებული ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაიწერა კლინიკიდან.

ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეთ“ სიერა ლეონეს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სიერა ლეონეში მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების მილიონზე მეტი ერთეული გაანაწილა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ებოლას ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, მალარია უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენს. ვინაიდან საწყისი სიმპტომები ამ დაავადებებს ერთნაირი აქვთ, მალარიით დაავადებული პირები სიმპტომების გაჩენისთანავე ებოლას სამკურნალო ცენტრებს აკითხავენ, რაც სისტემის დატვირთვას ზრდის.

10 და 11 დეკემბერს ჯანმოს შტაბბინაში გაიმართა შეხვედრა ჯანმოსა და დასენიანებული სამი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში ჯანდაცვის სიტემის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებები. ექსპერტებმა მიზნად დაისახეს ზოგადი ჩარჩო დოკუმენტის მომზადება, რომელიც დაეხმარება ქვეყნებს დიდი ეპიდაფეთქებებისთვის მზადყოფნაში.

8 დეკემბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული გზამკვლევი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით, სიერა ლეონეში ახალი შემთხვევების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მატულობს.

ვრცელდება ცნობები 4 დეკემბერს აშშ-ის ჯანდაცვის მუშაკის ატლანტაში ევაკუაციის შესახებ, რომელსაც ჰქონდა ექსპოზიცია ებოლას შემთხვევასთან დასავლეთ აფრიკაში. დეტალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მას შემდეგ რაც ესპანეთის ჯანდაცვის სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ინფიცირებული შემთხვევის შინაური ცხოველის (ძაღლი) სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს, ECDC და საკვების უსაფრთხოების ევროპის სააგენტო აკეთებს განცხადებას, რომ საჭიროა ჩატარდეს შეფასება თუ რამდენად შესაძლებელია ადამიანის მიერ ცხოველის დაინფიცირება, და შემდგომ, ამ ცხოველის მიერ დაავადების გავრცელება.

დადასტურდა ლიბერიაში გაერთიანებული ერების მისიის მესამე ადამიანის ინფიცირების ფაქტი. ცნობისთვის - აღნიშნული მისიის ორი წევრი გარდაიცვალა ებოლათი დასნებოვნების შემდეგ სექტემბერსა და ოქტომბერში.

4 დეკემბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 30 ნოემბრის ჩათვლით სულ დაფიქსირებულია ებოლას ვირუსული დაავადების 17 145 შემთხვევა და გარდაცვალების 6070 შემთხვევა. რეგისტრირებულ შემთხვევათა ინციდენტობა ოდნავ მატულობს გვინეაში, სტაბილური ან კლებადია ლიბერიაში და ჯერ კიდევ მატულობს სიერა ლეონეში. ამ შემთხვევებიდან, სამედიცინო პერსონალს შორის დაფიქსირდა ებოლას დაავადების 622 შემთხვევა, საიდანაც 346 ლეტალურად დასრულდა.

მალიში სულ დაფიქსირებულია დაავადების 8 შემთხვევა, აქედან 6 გარდაცვალებით დასრულდა. ესპანეთში უკვე 42 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში დაფიქსირებული ერთადერთი შემთხვევიდან ორჯერ იქნა მიღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი, შესაბამისად, ესპანეთში ებოლას ეპიდაფეთქება ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. აშშ-ში სულ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა კონტაქტმა დაასრულა 21-დღიანი მეთვალყურეობის პერიოდი.

დაავადების მაღალი გავრცელების მქონე სამივე ქვეყანაში ეროვნულ დონეზე ამჟამად აღინიშნება საწოლების საკმარისი რაოდენობა, თუმცა, ქვეყნის შიგნით ამ საწოლებისა და შემთხვევების არათანაბარი გადანაწილება მაინც ქმნის პრობლემას. სამივე ქვეყანაში ყველა დასენიანებულ რაიონს აქვს წვდომა დაავადების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე ნიმუშის აღებიდან 24 საათში.  

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს ესტუმრა და გაეცნო მიმდინარე პროცესებს ვაქცინების შემუშავებისა და ზოგადად ეპიდაფეთქებასთან ბრძოლის მიმართულებით. პრეზიდენტმა მოიწონა ვაქცინაზე მუშაობაში მიღწეული პროგრესი, თუმცა აღნიშნა, რომ ებოლას დამარცხება კიდევ დიდ ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს და კონგრესს მიმართა თხოვნით, რომ ვირუსთან საბრძოლველად დამატებით 6.2 მილიარდი დოლარი გამოიყოს.

1 დეკემბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია განახლებული გზამკვლევი შემთხვევათა მთლიანი რაოდენობის შესახებ, თუმცა სიტუაციური ანალიზის მიხედვით, შემთხვევების ჯამური რაოდენობა 16 ათასს გაცდა. ბმული.

დამაიმედებელი შედეგებია ადამიანებში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კვლევა მიმდინარეობს აშშ-ის NIH-ის გავლით, ხოლო ვაქცინა შემუშავებულია GlaxoSmithKline-ისა და აშშ-ს ალერგოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ. ვაქცინა 20 მოხალისეს გაუკეთდა. არცერთ მონაწილეს არ აღენიშნა სერიოზული გვერდითი ეფექტი, და ყველა მათგანს გამოუმუშავდა იმუნიტეტი. იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება. ვაქცინაზე მუშაობას აგრძელებენ სხვა დანარჩენი ორგანიზაციებიც, მათ შორის - ოქსფორდის უნივერსიტეტი, კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო, კომპანია Swissmedic. მათი კვლევის დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. ბმული.

28 ნოემბრისთვის, მალიში არცერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არ არის აღმოჩენილი. ორი დადასტურებული შემთხვევა აგრძელებს მკურნალობას, ხოლო 288 კონტაქტზე დაწესებულია მონიტორინგი.

ECDC-ის ცნობებით, სულ 22 შემთხვევა იქნა ევაკუირებული დაზარალებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყანაში, მათ შორის: 7 - აშშ-ში; 3 - გერმანიაში; 3 - ესპანეთში; 2 - საფრანგეთში; 2 - შვეიცარიაში; 1 - დიდ ბრიტანეთში; 1 - ნორვეგიაში; 1 - იტალიაში. ჯანდაცვის ორი მუშაკი ევაკუირებულ იქნა ჰოლანდიაში, თუმცა მათ ინფექციის ნიშნები არ განუვითარდათ.

დასრულდა Lufthansa-ს ავიახაზების მიერ სამგზავრო თვითმფრინავის ებოლას შემთხვევათა ტრანსპორტირების საშუალებად გადაკეთების პროცესი. თვითმფრინავს გააჩნია უარყოფითი წნევის საიზოლაციო განყოფილება, სადაც შესაძლებელია ინტენსიური თერაპიის ჩატარება.

იტალიაში კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ექიმი. მას მკურნალობა უტარდება გერმანიაში გამოჯანმრთელებული პაციენტის შრატის გამოყენებით.


27 ნოემბერი, 2014

26 ნოემბერს, ჯანმომ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში მსოფლიოში ებოლას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. ამ ანგარიშის მიხედვით, სულ დაფიქსირებულია 15935 შემთხვევა და 5689 გარდაცვალება. შემთხვევათა ინციდენტობა სტაბილურია გვინეაში, სტაბილური ან კლებადია ლიბერიაში, მაგრამ სიერა ლეონეში კვლავ მზარდია. სამედიცინო პერსონალს შორის ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 592-ს მიაღწია, რომელთაგან 340 გარდაიცვალა.

ჯანმო ასევე აქვეყნებს შემთხვევათა სიკვდილობის პროცენტულ მაჩვენებელს ამ სამ ქვეყანაში. ეპიდაფეთქების დაწყებიდან დღემდე ეს მაჩვენებელი გვინეასა და სიერა ლეონეში 60%-ს ხოლო ლიბერიაში 61%-ს შეადგენს (შემთხვევათა სიკვდილობის გამოთვლისას ხდება მხოლოდ იმ პაციენტების გათვალისწინება, რომელთა გამოსავალიც უკვე ცნობილია).

მალიში ამ დრომდე რეგისტრირებულია 7 დადასტურებული და 1 სავარაუდო შემთხვევა, აქედან 6 ლეტალურად დასრულდა. მიმდინარეობს კონტაქტებზე მეთვალყურეობა. ესპანეთში 36 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ებოლათი ინფიცირებული პაციენტიდან მიღებული იქნა ტესტის ორი უარყოფითი პასუხი.

სიერა ლეონეს ქალაქ კენემაში მიმდინარეობს გარდაცვლილთა უსაფრთხო დასაფლავებაზე პასუხისმგებელი ბრიგადების გაფიცვა. მათი განცხადებით, განსაკუთრებით სარისკო საქმიანობის საფასურად მათ დამატებით გასამრჯელოს შეპირდნენ, თუმცა ეს ანაზღაურება არ მიუღიათ ბოლო ორი თვის განმავლობაში, რამაც ეს პროტესტი გამოიწვია. გაფიცულებმა 15 გარდაცვლილის დასაფლავებაზე უარი განაცხადეს და გვამები საავადმყოფოში დატოვეს.

24 ნოემბერი, 2014

21 ნოემბერს, ჯანმო-მ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში მსოფლიოში ებოლას ეპიდსიტუაციის შესახებ. სულ რეგისტრირებულია ებოლას 15 351 შემთხვევა. მათ შორის 5459 გარდაიცვალა. გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში დაავადება კვლავ მაღალი ინტენსიურობით ვრცელდება. სიერა ლეონეში კუმალას რეგიონში, აღნიშნული მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, რის გამოც,  ჯანმო იძლევა რეკომენდაციას აღნიშნულ რეგიონში ყველანაირი მიმოსვლის 3-დღიანი აკრძალვის შესახებ. მოცემულ უბანში სხვადასხვა საქონელი ვერტმფრენებით მიეწოდებათ.

ჯანმო-ს ანგარიშის მიხედვით, მალიში რეგისტრირებულია 6 შემთხვევა და 6-ვე შემთხვევა ლეტალურად დამთავრდა, თუმცა სხვა წყაროებზე დაყრდნობით, 21 ნოემბერს, კიდევ ერთი ახალი შემთხვევა იქნა აღმოჩენილი ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო ცხელი ხაზი მოსახლეობისთვის დაავადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

21 ნოემბერი, 2014

19 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში მსოფლიოში ებოლას ეპიდსიტუაციის შესახებ. სულ აღრიცხულია ებოლას 15 145 დადასტურებული, სავარაუდო და შესაძლო შემთხვევა. ამ შემთხვევებიდან 5420 სიკვდილით დასრულდა. შემთხვევათა და გარდაცვალებათა რეალური რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.

გვინეაში შემთხვევათა ინციდენტობა სტაბილურია, ხოლო ზოგიერთ რაიონში კლების ტენდენცია შეინიშნება. ლიბერიაში ახალ შემთხვევათა რაოდენობა ასევე სტაბილურია და ყოველდღიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ 10-დან 20-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განსაკუთრებით ფართო და ინტენსიური გავრცელება აღინიშნება სიერა ლეონეში, სადაც შემთხვევათა დიდი რაოდენობა ფიქსირდება დედაქალაქ ფრითაუნში.

სამედიცინო პერსონალს შორის ებოლას ვირუსული დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 584-ს მიაღწია, რომელთაგან 329 ლეტალურად დასრულდა. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ამ შემთხვევების მნიშვნელოვან ნაწილში ინფიცირება მოხდა არა ებოლას სამკურნალო სპეციალურ ცენტრებში, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რაც ხაზს უსვამს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომების დაცვის აუცილებლობას ყველა სამედიცინო დაწესებულებაში და არა მხოლოდ ებოლას სამკურნალო ერთეულებში.

მალიში დაფიქსირებულია 6 შემთხვევა, რომლებიდანაც 5 ლეტალურად დასრულდა. მიმდინარეობს მოძიებულ კონტაქტებზე ინტენსიური მეთვალყურეობა. ესპანეთში 28 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პაციენტისგან მიღებულ იქნა ტესტის უარყოფითი პასუხი, შესაბამისად, 42 დღის გასვლის შემდეგ ესპანეთი ებოლასგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდება. აშშ-ში ასევე ყველა კონტაქტმა დაასრულა მეთვალყურეობის 21-დღიანი პერიოდი. ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

 

19 ნოემბერი, 2014

18 ნოემბერს, ლიბერიის პრეზიდენტმა დაისახა მიზანი, რომ შობის დღესასწაულისთვის, ქვეყანაში ებოლას არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ამავე დროს, ჯანმო აგრძელებს უსაფრთხო დაკრძალვის წესების შესახებ ტრეინინგების ჩატარებას, მათ შორის გვამიდან ნიმუშის სწორად აღების წესების შესახებ. ბმული.

16 ნოემბრისთვის, მალიში 5 დადასტურებული და 1 სავარაუდო შემთხვევა არის დარეგისტრირებული. ჯანმო აგზავნის 20 საველე ეპიდემიოლოგს კონტაქტების მოსაძლიების და ზედამხედველობაში დასახმარების აღმოჩენის მიზნით. ამ დროისთვის მალიში 600-მდე კონტაქტია გამოვლენილი. ბმული 2.

გერმანიის მთავრობის დავალებით, Lufthansa-ს ავიახაზებმა გამოყო A340 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც გადაკეთდება სასწრაფო დახმარების საჰაერო ტრანსპორტად. თვითმფრინავში შეიქმნება 3 საიზოლაციო ერთეული, რაც დასავლეთ აფრიკიდან დაინფიცირებული პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი მზად იქნება ნოემბრის ბოლოსთვის. საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, სასწრაფო ევაკუაციის განსახორციელებლად. ბმული 3.

გამოჯანმრთელდა ებოლათი დაინფიცირებული ინდოელი მამაკაცი. იგი ამჟამად იმყოფება იზოლაციაში (კარანტინი), რადგან მიუხედავად ტესტის უარყოფითი პასუხისა (სისხლის ნიმუში), ვირუსი აღმოჩენილია სპერმის ნიმუშში. იზოლაცია გაგრძელდება სქესობრივი კონტაქტით დაავადების ტრანსმისიის შესაჩერებლად - მანამ სანამ ვირუსი აღარ იქნება აღმოჩენილი ორგანიზმში. ბმული 3.

17 ნოემბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ებოლას ვირუსული დაავადების შემთხვევათა რაოდენობამ 14 413-ს მიაღწია, აქედან 5177 სიკვდილით დასრულდა. სამედიცინო პერსონალს შორის დაავადების 570 შემთხვევა აღინიშნა, აქედან ყველაზე მეტი, 332 შემთხვევა, ლიბერიაშია დაფიქსირებული.
მალიში სულ დაფიქსირებულია დაავადების 4 და გარდაცვალების 3 შემთხვევა. მიმდინარეობს კონტაქტებზე მეთვალყურეობა. აშშ-ში ებოლას ვირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გაწერილია კლინიკებიდან და ყველა კონტაქტმა დაასრულა დაკვირვების 21-დღიანი პერიოდი. ამერიკელი ექიმი, რომელიც სიერა ლეონეში დაავადდა, სამკურნალოდ გადაყვანილ იქნა აშშ-ში, ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში, სადაც ის 17 ნოემბერს გარდაიცვალა. 
კანადაში იწყება კიდევ ერთი კლინიკური კვლევა ებოლას ვაქცინის გამოსაცდელად. კვლევას კანადის იმუნიზაციის კვლევითი ქსელი უდგას სათავეში და შედეგები 2015 წლის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი.

14 ნოემბერი

მედია საშუალებებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქის სიერა ლეონეში ებოლათი დაინფიცირების შესახებ. წინასწარი ცნობებით იგი არის ქირურგი და ევაკუირებული იქნება ნებრასკას სამედიცინო ცენტრში 15 ნოემბერს. ბმული.

ჯანმო-მ გამოაქვეყნა ახალი გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც სულ რეგისტრირებულია ებოლას 14 098 შემთხვევა და 5 160 გარდაცვალება. მათ შორის ლიბერიაში - 6 822 შემთხვევა და 2 836 გარდაცვალება; სიერა ლეონეში - 5 368 შემთხვევა და 1 169 გარდაცვალება; გვინეაში - 1 878 შემთხვევა და 1 142 გარდაცვალება. სამივე ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება დაავადების ინტენსიური გავრცელება, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია მხოლოდ სიერა ლეონეში აღინიშნება. მოცემულ სამ დასენიანებულ ქვეყანაში, დაგეგმილი ებოლას სამკურნალო 53 ცენტრიდან, ამჟამად მხოლოდ 19 ფუნქციონირებს. აქვე ვრცელდება ცნობა აშშ-ში სამივე პაციენტის გამოჯანმრთელების და საავადმყოფოდან დაწერის შესახებ. ამჟამად, აშშ-ში კონტაქტებზე ზედამხედველობა შეწყვეტილია. სულ აშშ-ში 4 შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ესპანეთშიც დასრულდა კონტაქტებზე დაწესებული 21-დღიანი მეთვალყურეობა, და თუ ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდა, ესპანეთი დეკემბერში გამოცხადდება როგორც ებოლასგან თავისუფალი ქვეყანა. ბმული 2, ბმული 3.

12 ნოემბერი

მალიში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა ებოლას დაავადების მეორე შემთხვევა. დაავადებული ექთანი 11 ნოემბერს გარდაიცვალა. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ექთანი სავარაუდოდ დაინფიცირდა გვინეიდან გადმოყვანილი პაციენტის მოვლისას და ამ შემთხვევას კავშირი არ აქვს მალიში ოქტომბერში დაფიქსირებულ პირველ შემთხვევასთან, 2 წლის გოგონასთან, რომელიც ოქტომბერში გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის კონტაქტებზე მეთვალყურეობა გრძელდება და მათ შორის ჯერ არ გამოვლენილა დაავადების სიმპტომები. 108 კონტაქტიდან 25–მა უკვე დაასრულა 21–დღიანი მეთვალყურეობის პერიოდი.

აშშ–ში კლინიკიდან იქნა გაწერილი ქვეყანაში დაფიქსირებული უკანასკნელი შემთხვევა, დასავლეთ აფრიკიდან დაბრუნებული ექიმი, რომელსაც მკურნალობა ნიუ–იორკში უტარდებოდა. ამრიგად, ამჟამად აშშ–ში არ აღინიშნება ებოლას დაავადების არც ერთი შემთხვევა და თუ ეს სიტუაცია 42 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ქვეყანა ებოლასგან თავისუფლად გამოცხადდება.

ებოლაზე გადაუდებელი რეაგირების გაეროს მისიამ 10 ნოემბერს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი კლებას იწყებს, ებოლასთან დაკავშირებული კრიზისის საბოლოო დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამავე ანგარიშის მიხედვით, იაპონიამ დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად.

10 ნოემბერი, 2014

7 ნოემბერს, ჯანმო-მ განახლებულ გზამკვლევში გამოაქვეყნა მიმდინარე ეპიდაფეთქებისას დაფიქსირებული ებოლას ვირუსული დაავადების შემთხვევების რაოდენობა: გვინეა - 1 760 (1 054 გარდაიცვალა); ლიბერია - 6 919 (2 766 გარდაიცვალა); სიერა ლეონე - 4 862 (1 130 გარდაიცვალა); სულ შეტყობინებულია 13 268 შემთხვევა, მათ შორის 4 960 გარდაიცვალა. ბმული.

დაავადების ინციდენტობა დასენიანებული ქვეყნების ზოგიერთ რაიონებში კლებულობს, თუმცა დანარჩენ მათგანში (დედაქალაქების ჩათვლით) მატების ტენდენცია ფიქსირდება.

ჯანმო-მ ასევე განაახლა გვამების მართვის და უსაფრთხო დაკრძალვის გზამკვლევი, სადაც ყურადღება ეთმობა გარდაცვლილის ოჯახის მიერ ჩატარებული რელიგიური და სხვა რიტუალების პატივისცემას. ბმული 2.

8 ნოემბერს, აფრიკის განვითარების ბანკმა მოაწყო შეხვედრა ებოლაზე რეაგირების ფონდის შესაქმნელად. ფონდის მიზანი იქნება აფრიკის სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ეკიპირება ეპიდაფეთქებებზე რეაგირებისათვის. აღნიშნული ინიციატივა მომავალი საფრთეების დასაძლევადაც არის მიმართული. ბმული 3. დამატებით, გავრცელდა ცნობა, რომ ევროკავშირის მიერ 1 მილიარ ევროზე მეტი იქნა გამოყოფილი ებოლასთან საბრძოლველად (მათ შორის 280 მილიონი ვაქცინის კვლევაზე და სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტების შექმნაზე დაიხარჯა).

უკანასკნელი ცნობებით, ჯანმო რეკომენდაციებს უწევს შეზღუდვების მოხსნას საერთაშორისო მოგზაურობასა და ვაჭრობაზე. მათი აზრით საჭიროა მხოლოდ დასენიანებული ქვეყნების აეროპორტებში დაწესებული სკრინინგის გამკაცრება. ბმული 4.

7 ნოემბერი, 2014

შემთხვევათა განახლებული ჯამური რაოდენობა WHO-ს და CDC-ის საიტებზე არ გამოქვეყნებულა.

ჯანმო აქვეყნებს სტატიას, სადაც სენეგალის მაგალითზე ახსნილია თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ებოლას შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დაავადების პირველი (და ერთადერთი) შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას 4 მილიონზე მეტი SMS შეტყობინება დაეგზავნა, სადაც მიმღებს განუმარტავდნენ ებოლას სიმპტომებს და ატყობინებდნენ ცხელი ხაზის ნომერს. სტატიის ავტორების აზრით, აღნიშნულ კამპანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის დაავადების გავრცელების შეჩერებაში. ბმული.

PubMed-ის ვებ-გვერდზე დაიდო კანადელ, ჩინელ, და ამერიკელ მეცნიერთა კვლევის მონაცემები, სადაც აღწერილია ებოლას მკურნალობის შესაძლებლობას ებოლას პოსტ-ექსპოზიციური ანტისხეულების ნაკრებით. ბმული 2.

6 ნოემბერი, 2014

5 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რიგით მეთერთმეტე სიტუაციის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ეპიდაფეთქების დაწყებიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სულ დაფიქსირებულია ებოლას ვირუსული დაავადების 13 015 შემთხვევა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის 4808 შემთხვევა. ეს რიცხვები ნაკლებია ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებში მოცემულ რიცხვებთან შედარებით. როგორც ბოლო ანგარიშშია განმარტებული, ჯანმომ შეცვალა მონაცემთა წყაროების გამოყენების წესი, რითაც შემცირდა დუბლირებული შემთხვევების რაოდენობა.

დაავადების ყოველკვირეული ინციდენტობა გვინეაში სტაბილურია, სიერა ლეონეში იზრდება, ხოლო ლიბერიაში მცირდება. თუმცა, დაავადების გავრცელება სამივე ქვეყანაში ჯერ კიდევ უწყვეტად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ამ ქვეყნების დედაქალაქებში. ლიბერიასა და სიერა ლეონეში ეპიდაფეთქების დაწყებიდან დღემდე დაავადების ერთი შემთხვევა მაინცაა დაფიქსირებული ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

ეპიდაფეთქების დაწყებიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალს შორის სულ რეგისტრირებულია ებოლას ვირუსული დაავადების 546 შემთხვეა, რომელთაგან 310 ლეტალურად დასრულდა. სამედიცინო პერსონალს შორის დაავადების ყველაზე მეტი, 315 შემთხვევა დაფიქსირებულია ლიბერიაში და მათგან 157 ლეტალობით დასრულდა.

აშშ–ში და მალიში გრძელდება კონტაქტირებული ადამიანების მონიტორინგი. ესპანეთში, დაავადებული ჯანდაცვის მუშაკის 83–ივე კონტაქტმა დაასრულა მეთვალყურეობის 21–დღიანი პერიოდი. დაავადება არც ერთ მათგანს არ განუვითარდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტი მიენიჭა იმ ქვეყნებისთვის ტექნიკურ დახმარებას, რომლებიც ან უშუალოდ ესაზღვრებიან ებოლას მაღალი გავრცელების მქონე სამ ქვეყანას, ან მჭიდრო სავაჭრო და სამოგზაურო კავშირები აქვთ მათთან. თხუთმეტ ასეთ ქვეყანას ჯანმოსა და მისი პარტნიორების სპეციალისტთა ჯგუფები სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ, რათა ეს ქვეყნები დაავადების შესაძლო გავრცელებისათვის მზად იყვნენ.   

5 ნოემბერი, 2014

სიერა ლეონეში ებოლას ვირუსული დაავადებით მეხუთე ექიმი გარდაიცვალა. ეპიდაფეთქების მიმდინარეობისას ამ ქვეყანამ უკვე 100–ზე მეტი სამედიცინო პერსონალი  (მათ შორის, ექთნები და სხვა დამხმარე პირები) დაკარგა ებოლას დაავადებით. ამჟამად სიერა ლეონეს, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 6 მილიონს შეადგენს, ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ 100 ექიმი ჰყავს

მალიში ამჟამად მიმდინარეობს სიმპტომების მონიტორინგი  108 ადამიანზე, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ამ ქვეყანაში დაფიქსირებულ ებოლას დაავადების ერთადერთ შემთხვევასთან. ჯერჯერობით, დაავადების ნიშნები არც ერთ მათგანში არ გამოვლენილა. კვლავ გრძელდება სხვა კონტაქტების მოძიების პროცესი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მარგარეტ ჩანმა, გააკრიტიკა ფარმაცევტული კომპანიები იმის გამო, რომ მათი კვლევითი აქტივობები მხოლოდ სარგებლის მიღებითაა ორიენტირებული და სწორედ ამის გამოა, რომ ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არაა შექმნილი. მისი თქმით, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები არ ახდენენ ინვესტირებას ისეთ ბაზარზე, საიდანაც შემოსავალს ვერ მიიღებენ, შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის არ იყო მომხიბვლელი ვაქცინის შექმნა დაავადებისთვის, რომელიც მხოლოდ „ღარიბი აფრიკული ქვეყნების“ პრობლემად ითვლებოდა. თუმცა, დღეს მსოფლიო სხვა რეალობის წინაშე დგას და ათწლეულების განმავლობაში ფარმაცევტული კომპანიების მიერ დაკავებული არასწორი პოზიციის შედეგებს ყველა ხედავს დღეს, როდესაც დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ არ არსებობს  (ბმული).

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ვაქცინის შემუშავებაზე, თუმცა, ექსპერტების აზრით, არ არსებობს გარანტია, რომ ეს პროცესი ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება.

4 ნოემბერი, 2014 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ჯანმო-ს წევრ 13 ქვეყანას ეწვევა ექსპერტთა მისია, რომელთა მიზანი იქნება ქვეყანაში ებოლაზე მზადყოფის შეფასება. მისიის ფარგლებში განისაზღვრება ებოლას მკურნალობის კუთხით, ქვეყანაში არსებული სამედიცინო შესაძლებლობები; დადგინდება მზადყოფნის და რეაგირების გეგმაში არსებული ხარვეზები და მის აღმოსაფხვრელად საჭირო ეტაპები. აღნიშნული მისია უკვე იმყოფებოდა მაროკოსა და სომალიაში. ამჟამად, მისია ეწვევა ავღანეთს, ბაჰრეინს, ჯიბუტს, ეგვიპტეს, ირანს, ერაღს, პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, პაკისტანს, სუდანს და იემენს. ბმული.

სხვადასხვა მედია საშუალება ავრცელებს ცნობებს, რომ ჩინეთში დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული სამედიცინო პერსონალი, გადაყვანილ იქნება კარანტინში 21 დღით. თუმცა, უცნობია იზოლაცია სახლის თუ სპეციალური დაწესებულების პირობებში მოხდება. ბმული 2.

CDC აწესებს გაძლიერებულ სკრინინგს აშშ-ს 5 აეროპორტში, რომლებიც გვინეიდან, ლიბერიიდან, და სიერა ლეონედან მიმავალი მგზავრების 94%-ს შეადგენს. აეროპორტში გაიგზავნება დამატებითი პერსონალი, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე გადაიყვანს მგზავრებს, სადაც შემოწმდება დაავადების ნიშნების არსებობა; შეგროვდება ჯანმრთელობასთან და ექსპოზიციასთან დაკავშირებული ინფორმაცია; გაიზომება ტემპერატურა უკონტაქტო თერმომეტრებით. ასიმპტომურ პაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ექსპოზიცია დადასტურებულ შემთხვევასთან, მიეწოდებათ ინფორმაცია თვით-დაკვირვების ჩასატარებლად. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტი გადაწყვეტს შემდგომი დაკვირვების ან შეფასების ჩატარებას, მგზავრი გაიგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მოცემული სკრინინგი (აშშ-ს აეროპორტებში) შეავსებს პროცესებს, რომლებიც მოიცავს ჯანმრთელობის დაცვის ისეთ სტანდარტულ ქმედებებს, როგორიცაა პაციენტის იზოლაცია და კონტაქტის მოძიება. დასენიანებული ქვეყნების აეროპორტებში დაწესებული სკრინინგით, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, მგზავრობაზე უარი ეთქვა 77 პაციენტს, რომელთა შორის (შემდგომი კვლევით) ებოლა არცერთს არ აღმოაჩნდა, და მათ უმრავლესობას მალარიის დიაგნოზი დაესვა. ბმული 3.

 

3 ნოემბერი, 2014 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა ახალი სიტუაციის ანალიზი, რომელშიც აღრიცხულია შემთხვევები ეპიდაფეთქების დაწყებიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მონაცემების მიხედვით, სულ დაფიქსირებულია ებოლას ვირუსული დაავადების 13 567 შესაძლო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევა. ეს რიცხვი უფრო ნაკლებია იმ რიცხვთან შედარებით, რაც ჯანმომ 29 ოქტომბრის ანგარიშში გამოაქვეყნა. ამის მიზეზი უმთავრესად არის ის, რომ გვინეაში ბევრ საეჭვო შემთხვევაში დაავადება არ დადასტურდა.  სულ ებოლას ვირუსული დაავადებით გარდაცვლილია 4951 ადამიანი.

გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი აფინანსებს სიერა ლეონეში სამი ახალი ლაბორატორიის აშენებას ებოლას ვირუსის დიაგნოსტირებისათვის. ერთი ასეთი ლაბორატორია უკვე აშენდა და დაიწყო ფუნქციონირება გასულ კვირას. დანარჩენი ორის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჩინეთმა ებოლას ვირუსით დასენიანებულ ქვეყნებს დახმარება გაუგზავნა. ლიბერიაში, სიერა ლეონეში და გვინეაში ჩატანილ იქნა პირადი დაცვის აღჭურვილობა და მედიკამენტები. ნორვეგიამ სიერა ლეონეში  მდებარე გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ცენტრისათვის გააგზავნა აღჭურვილობა და 200 სამედიცინო პერსონალი.

სიერა ლეონეში ებოლათი დაინფიცირებული გაეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს. აღნიშნულ პირი იზოლაციაშია მოთავსებული და მკურნალობა უტარდება სენ-მანდეს სამხედრო ჰოსპიტალში.

31 ოქტომბერი, 2014

მოგეხსენებათ, რომ დაზარალებული ქვეყნების მოსახლეობის ცნობიერების დონე ებოლასთან დაკავშირებით საკმაოდ დაბალია. აღნიშნულთან დაკავშირებით, CDC აქვეყნებს  პოსტერებს თავის ვებ-გვერდძე, როგორც ინგლისურ, ასევე დაზარალებული ქვეყნების ენებზე. ბმული.

22 ოქტომბრისთვის, სიერა ლეონეში ებოლას სამკურნალოდ 346 საწოლი იყო ქვეყნის მასშტაბით, თუმცა WHO-ის დათვლებით, დამატებით 850 საწოლი არის საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებზე დაყრდნობით, 31 ოქტომბერს 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბმული 2.

აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ დაჩქარებული წესით დაუშვა ებოლას ვირუსისათვის ორი ახალი ტესტ-სისტემის გამოყენება, რომელთაც ერთ საათში შეუძლიათ დაავადების აღმოჩენა სისხლში ან შარდში.

შემთხვევათა ჯამური რაოდენობა WHO-ს და CDC-ის საიტებზე არ გამოქვეყნებულა.

30 ოქტომბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული სიტუაციის ანალიზის მიხედვით, 27 ოქტომბრისათვის შემთხვევათა რაოდენობამ 13 703 შეადგინა, რომელთაგან 4920 სიკვდილით დასრულდა. სამედიცინო პერსონალს შორის მთელს მსოფლიოში დაფიქსირდა დაავადების 521  შემთხვევა, რომელთაგან 272 ლეტალურად დასრულდა. 

აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ დაჩქარებული წესით დაუშვა ებოლას ვირუსისათვის ორი ახალი ტესტ-სისტემის გამოყენება, რომელთაც ერთ საათში შეუძლიათ დაავადების აღმოჩენა სისხლში ან შარდში.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსულ დაავადებასთან საბრძოლველად დამატებით 5000 სამედიცინო პერსონალია საჭირო და მოუწოდა ყველას დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მოხალისეობრივად ებოლას საწინააღმდეგო აქტივობებში ჩართვისკენ. ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა მოხალისეობრივი საქმიანობის საჭიროება.

29 ოქტომბერი, 2014

ჩინეთში, გუანგდონის პროვინციაში გაათავისუფლეს, ამ დრომდე კარანტინში მყოფი, 43 ადამიანი (რომლებზეც ეჭვობდნენ ებოლათი დაინფიცირებას). აღნიშნულ პროვინციაში ებოლათი დაზარალებული ქვეყნებიდან 8600-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

აშშ-ში, სრულად გამოჯანმრთელდა ებოლათი დაინფიცირებული მეორე ექთანი (დალასი), და გამოწერილ იქნა ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან 28 ოქტომბერს.

მალიში იდენტიფიცირებულია გარდაცვლილ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი 82 ადამიანი, რომლებზეც დაწესდა ზედამხედველობა.

მიმდინარე კვირაში დაიწყება ებოლას ვაქცინის კლინიკური კვლევა შვეიცარიაში. წინასწარი მონაცემები სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის იქნება მიღებული. ებოლას ვირუსის ვაქცინების კლინიკური კვლევა უკვე დაწყებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და მალიში. ბმული.

28 ოქტომბერი, 2014

აშშ-ში კვლავ დიდი პოლემიკა მიმდინარეობს ზოგიერთ შტატში (ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი და ფლორიდა) მკაცრ საკარანტინო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს ღონისძიებები ითვალისწინებს ეპიდემიის ქვეყნებიდან დაბრუნებული იმ სამედიცინო პერსონალის იძულებით კარანტინში მოთავსებას, რომლებიც ინფიცირებული პაციენტების მოვლაში იყვნენ ჩართულნი. ნიუ იორკის შტატმა გადახედა საკუთარ პოლიტიკას და დაუშვა, რომ ჯანდაცვის ის მუშაკები, რომლებსაც ლაბორატორიული ტესტით ებოლაზე უარყოფით შედეგი ექნებათ, კარანტინში მოთავსდნენ საკუთარ სახლშივე და არა საიზოლაციო პალატაში, როგორც ეს ნიუ ჯერსიში ხდება.

აღნიშნული პოლემიკის საპასუხოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოუშვა ახალი, სპეციალური რეკომენდაციების კრებული იმ პირების მონიტორინგისა და გადაადგილებისათვის, რომლების პოტენციურად იყვნენ ვირუსის ექსპოზიციის ქვეშ. ამ დოკუმენტში გამოყოფილია ექსპოზირებული ადამიანების ხუთი კატეგორია და თითოეული ამ კატეგორიისათვის განსხვავებული კონტროლის ზომებია შემოთავაზებული.

მალიში მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და კვლევა. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2-წლის ბავშვი, რომელსაც 23 ოქტომბერს დაესვა ებოლას დიაგნოზი, 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. ჯერჯერობით, არც ერთ კონტაქტში არ დადასტურებულა ებოლას ინფექცია.

ებოლას კრიზისზე რეაგირებისათვის რამდენიმე აფრიკულმა ქვეყანამ აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ნიგერიამ, სადაც ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაჩერეს, 600 მოხალისე გაგზავნა ეპიდემიის ქვეყნებში. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ასევე გეგმავს 1000 ადამიანის გაგზავნას, ხოლო ეთიოპია ებოლას გავრცელების ქვეყნებში 200 ჯანდაცვის მუშაკს აგზავნის. თუმცა, უოლ სტრიტ ჯორნალის სტატიის მიხედვით, მგზავრობაზე არსებული შეზღუდვები და ვირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელების შიში ანელებს ზოგიერთი აფრიკული სახელმწიფოს რეაგირებას.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ დღევანდელი სიტუაცია, როდესაც მთავარი ყურადღება ებოლაზეა გადატანილი, უკან დახევს მალარიასთან ბრძოლას, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში. 2012 წელს, ამ სამ ქვეყანაში მალარიით 7000 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი, 2014

24 ოქტომბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა მაღალი დონის შეხვედრა, სადაც ინდუსტრიის ლიდერებთან და მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, განხილულ იქნა ებოლას ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, კლინიკური კვლევის რა ეტაპზეა ვაქცინა, და წარმოებაში გაშვებისას როგორი გავლენა ექნება მას ეპიდაფეთქებაზე. ვაქცინების კლინიკური კვლევა დაწყებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, და მალიში, ასევე უახლოეს მომავალში იწყებენ კვლევებს გაბონში, გერმანიაში, კენიაში და შვეიცარიაში, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს უსაფრთხო დოზის შერჩევას. კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შედეგები 2014 წლის დეკემბერში იქნება მზად. ამავე დროს, დაიდება მონაცემები მისი ეფექტურობის შესახებ და დაიწერება პროტოკოლები. კვლევის მეორე და მესამე ფაზა რანდომიზებული კლინიკური კვლევის დიზაინით ჩატარდება. ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ 2015 წლისთვის მზად არიან აწარმოონ ვაქცინის მილიონობით დოზა. შეხვედრაზე დაიდო დასკვნა, რომ ვაქცინებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ეპიდემიის მსვლელობაზე.

CDC აქვეყნებს ბუკლეტს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის და მიმღები განყოფილების ექიმებისთვის, რათა გაუადვილდეთ შემთხვევის სწრაფად ამოცნობა, იზოლირება და ანგარიშგება. ასევე გამოიცა მეორე ბუკლეტი, სადაც აღწერილია სხვაობა დაავადების ჰაეროვან და წვეთოვან გავრცელებას შორის, და თუ როგორ უნდა შევამციროთ ინფიცირების რისკი. ორივე ფაილი მიბმულია წერილზე.

CDC-ის ინფორმაციით, 25 ოქტომბრისთვის, სულ ლიბერიაში რეგისტრირებულია ებოლას 4665 შემთხვევა რომელთა შორის 2705 (58%) ლეტალური გამოსავლით დასრულდა; სიერა ლეონე - 3896 შემთხვევა, 1281 გარდაცვალება (33%); გვინეა - 1553 შემთხვევა, 926 გარდაცვალება (60%). ჯამურად ამ სამ ქვეყანაში ებოლას 10114 შემთხვევა და 4912 გარდაცვალება არის რეგისტრირებული (48%).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, სულ 10141 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის 4922 გარდაიცვალა (48%)

24 ოქტომბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია შემთხვევათა მთლიანი რაოდენობის შესახებ.

დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მალიში, რომელიც გვინეის მოსაზღვრე სახელმწიფოა. მალის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 წლის გოგონას ლაბორატორიული ანალიზის პასუხი 23 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ბავშვის დედა რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა გვინეაში და ის ნათესავებმა ჩამოიყვანეს მალიში. ამჟამად ბავშვი ჰოსპიტალიზებულია და მისი ახლო კონტაქტები იმყოფებიან კარანტინში.

დაავადების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში. ნიუ-იორკში ებოლას დიაგნოზი დაუდგინდა MSF-ის მისიის ექიმს, რომელიც პაციენტებს მკურნალობდა ლიბერიაში და დაბრუნდა ქალაქ ნიუ-იორკში. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მან მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარა ტესტირება. ამჟამად ის იმყოფება იზოლაციაში. ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ქალაქში განგაშის საფუძველი არ არსებობს.

23 ოქტომბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა განახლებული - რიგით მეცხრე გზამკვლევი ებოლას რეაგირებაზე. ასევე აღწერილია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიტუაცია, სადაც ასევე ფიქსირდება ებოლათი ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც არ არიან კავშირში ლიბერიაში, სიერა ლეონესა და გვიანში დაფიქსირებულ ეპიდაფეთქებასთან.

19 ოქტომბრისთვის, სულ რეგისტრირებულია ებოლას 9936 შემთხვევა (დადასტურებული, შესაძლო და სავარაუდო), რომელთა შორის 4877 (49%) ლეტალური გამოსავლით დასრულდა. შემთხვევათა დიდი წილი მოდის ლიბერიაზე (4665 შემთხვევა, 2705 გარდაცვალება (58%)), სიერა ლეონეზე (3706 შემთხვევა, 1259 გარდაცვალება (34%)), და გვინეაზე (1540 შემთხვევა, 904 გარდაცვალება). აღნიშნულ ქვეყნებში გრძელდება დაავადების ტრანსმისია. გეოგრაფიული უბნების მიხედვით, დაავადება ფართოდაა გავრცელებული ლიბერიასა და სიერა ლეონეში, სადაც დაავადება თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ფიქსირდება. ვარაუდობენ, რომ დაავადებას კვლავ არ აღრიცხავენ სათანადო დონეზე, განსაკუთრებით ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში.

უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, გვინეაში, ლიბერიაში და სიერა ლეონეში 976 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ეპიდაფეთქების დაწყებიდან, შემთხვევების 10%-ს შეადგენს.

19 ოქტომბრისთვის, 443 ჯანდაცვის მუშაკი იქნა ინფიცირებული, მათ შორის 244 (55%) გარდაიცვალა:

  • გვინეა - 78 შემთხვევა, 41 გარდაცვლილი (52%);
  • ლიბერია - 222 შემთხვევა, 103 გარდაცვლილი (46%);
  • სიერა ლეონე - 129 შემთხვევა, 95 გარდაცვლილი (74%);
  • ნიგერია - 11 შემთხვევა, 5 გარდაცვლილი (45%);
  • აშშ - 2 შემთხვევა, არცერთი გარდაცვლილი (0%);
  • ესპანეთი - 1 შემთხვევა, ერთცერთი გარდაცვლილი (0%).

ესპანეთში და აშშ-ში, სადაც ლოკალური ტრანსმისია დაფიქსირდა, გრძელდება კონტაქტების მონიტორინგი. გაიდლაინის მიხედვით, იმისათვის, რომ ქვეყანა ებოლასგან თავისუფლად იქნას მიჩნეული, შემთხვევა ორჯერ უნდა იქნას ტესტირებული ებოლაზე და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, 42 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ უნდა იქნას დაფიქსირებული. ესპანეთში, 21 ოქტომბერს, პაციენტში, რომელიც დაავადებული იყო ებოლათი, ლაბორატორიული ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო მეორეჯერ (პირველი 19 ოქტომბერს ჩატარდა) და 42 დღის ათვლა ამ თარიღიდან დაიწყო. მონიტორინგი ტარდება 83 კონტაქტზე.

კონგოში, 20 ოქტომბრისთვის, 66 შემთხვევაა აღწერილი (მათ შორის 8 ჯანდაცვის მუშაკი), რომელთაგან 49 გარდაიცვალა (8-ვე ჯანდაცვის მუშაკი).

22 ოქტომბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია განახლებული სტატისტიკა ებოლას ვირუსით ინფიცირებული პაციენტების საერთო რაოდენობის შესახებ. სიერა ლეონეს ჯანდაცვის სამინისტროს 21 ოქტომბრის მონაცემებით, ამ ქვეყანაში  დაფიქსირებულია დაავადების 3788 შემთხვევა და სიკვდილის 1270 შემთხვევა. შედარებისთვის, ჯანმოს მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სიტუაციის ანალიზში ეს რიცხვები 3410-ს და 1200-ს შეადგენდა, შესაბამისად.

ესპანური მედიის ცნობით, ექთანი, რომელიც ებოლას მკურნალობის კურსს გადიოდა, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, რადგანაც განმეორებითი ტესტებითაც უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. როგორც ცნობილია, მისი მკურნალობა ხორციელდებოდა ორი ექსპერიმენტული საშუალებით - ებოლას ინფექციაგადატანილი პაციენტისგან მიღებული ანტისხეულებით და ანტივირუსული პრეპარატით, ფავიპირავირით.

ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოდელირების საშუალებით შეფასებული იყო კომერციული საჰაერო მგზავრობით გვინეადან, ლიბერიიდან და სიერა ლეონედან დაავადების ახალი შემთხვევების სხვა ქვეყნებში შესვლის შესაძლებლობა. დაავადების გავრცელების, საჰაერო მგზავრობის გრაფიკის და სხვა ფაქტორების ანალიზზე დაყრდნობით, ავტორები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია ამ ქვეყნებიდან თვეში საშუალოდ 3 ინფიცირებული ადამიანის შესვლა სხვა ქვეყანაში. სტატიის ავტორების აზრით, ყველაზე ეფექტური საშუალება საჰაერო მგზავრობის საშუალებით დაავადების თავიდან ასაცილებლად არის მგზავრების სკრინინგი გამგზავრების ადგილას, თუმცა ამისათვის აუცილებელია საერთაშორისო დახმარება გაეწიოს აღნიშნულ სამ ქვეყანას.

აშშ-მა გაამკაცრა კონტროლი ეპიდემიის ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასულ მგზავრებზე და ამიერიდან ლიბერიიდან, სიერა ლეონედან და გვინეიდან აშშ-ში ჩასვლის უფლება მგზავრებს მხოლოდ ხუთ აეროპორტში აქვთ (ნიუ იორკის JFK, ნიუ არკი, ვაშინგტონი, დალასი და ატლანტა), რომლებშიც გაძლიერებული სკრინინგის ზომებია მიღებული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეპიდემიის ქვეყნებში იმ პაციენტების პლაზმის მისაღებად, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს, რაც სამკურნალო საშუალების შექმნას დააჩქარებს. ასევე იგეგმება ორი ვაქცინის გამოცდა. ახალი წლიდან ეპიდემიის ქვეყნებში იგეგმება ამ ვაქცინებზე კვლევის ჩატარება 20 000-ზე მეტ ჯანდაცვის მუშაკში (ბმული1, ბმული2).

21 ოქტომბერი, 2014

CDC-მ გაამკაცრა რეკომენდაციები პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღარ არის მოწოდებული დამცავი სათვალეების გამოყენება, რადგან მათ მრავალჯერადად იყენებენ, ხოლო მისი დაორთქვლისას სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იგი კონტამინირებული ხელთათმანით გაწმინდოს. სანაცვლოდ, გვირჩევენ სახის ერთჯერადი ნიღბების გამოყენებას, რომლიც სხვა დადებით მხარეებთან ერთად, სრულად ფარავს სახეს. მოგვიწოდებენ შემდეგი აღჭურვილობის გამოყენებას:

  • ორი ხელთათმანი
  • წყალგამძლე ბახილები (კოჭებამდე)
  • ერთჯერადი მოხმარების წყალგამძლე ხალათი (კოჭებამდე)
  • N95 რესპირატორი
  • ქირურგიული ქუდები - თავის და კისრის დასაცავად
  • ერთჯერადი მოხმარების წყალგამძლე წინსაფარი, ისეთ პაციენტებთან მუშაობისას, რომელთაც აქვთ დიარეა ან/და პირღებინება

დიდი ყურადღება ეთმობა PPE-ის ჩასაცმელი და გასახდელი ტერიტორიის გამოყოფას. სამედიცინო დაწესებულებაში უნდა განცალკევდეს სუფთა და პოტენციურად კონტრამინირებული არეები. ხელთათმანების გამოყენების შემდეგ, ხელები აუცილებლად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით. ბმული.

მესამე პაციენტი, რომელიც მკურნალობდა ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, გაწერილ იქნა საავადმყოფოდან. იგი დაინფიცირდა სიერა ლეონეში, და შემდეგ გადაყვანილ იქნა აშშ-ში. მისი მკურნალობა 9 სექტემბერს დაიწყო.  ბმული 2.

 

20 ოქტომბერი, 2014

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, 14 ოქტომბრისთვის სულ აღრიცხულია ებოლას ვირუსული დაავადების 9216 შემთხვევა, რომელთაგან 4555 ლეტალობით დასრულდა. შემთხვევათა აბსოლუტური უმეტესობა დაფიქსირებულია გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში.  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 17 ოქტომბერს სენეგალში, ხოლო 20 ოქტომბერს ნიგერიაში ებოლას ეპიდაფეთქება ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა.

ესპანეთში 6 ოქტომბერს დიაგნოსტირებული ექთნისგან 20 ოქტომბერს მიღებულ იქნა ტესტის უარყოფითი პასუხი. ჰოსპიტალიზებულია კიდევ 4 საეჭვო შემთხვევა, თუმცა ოთხივე მათგანზე ჩატარებული პირველადი ანალიზების პასუხები უარყოფითია ებოლას დაავადებაზე. 

აშშ-ში დასრულდა 21 დღიანი დაკვირვების პერიოდი იმ 48 პირზე, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ პირველ დიაგნოსტირებულ შემთხვევასთან. ამ კონტაქტებს შორის არ გამოვლენილა დაავადების არც ერთი შემთხვევა. ტეხასში გრძელდება ზედამხედველობა დალასის ერთ-ერთი საავადმყოფოს იმ სამედიცინო პერსონალზე, რომელსაც შეხება ჰქონდა 8 ოქტომბერს გარდაცვლილ პაციენტთან. ასევე, გრძელდება ებოლათი დაავადებული იმ ექთნის კონტაქტების მოკვლევა, რომელმაც დალასსა და კლივლენდს შორის იმგზავრა ინფიცირების შემდგომ. მათგან, სულ მოკვლეულია 150-ზე მეტი ადამიანი და მიმდინარეობს დაკვირვება.

იმ ქვეყნების გარდა, სადაც უკვე დაფიქსირებულია ებოლას დაავადების შემთხვევები, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში სხვა ქვეყნებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა

17 ოქტომბერი, 2014

ევროკომისიის 16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ებოლათი დაზარალებული ქვეყნებიდან მგზავრების სკრინინგული პროცედურების გადახედვა და მის გაძლიერებაში დახმარების გაწევა. დამატებით, ევროკავშირის 28 ქვეყანა აპირებს შეყწევის წერტილების პროცედურების და პროტოკოლების კოორდინირებას (ბმული).

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ბოლო ანგარიშის მიხედვით (CDC, Ebola Contact Tracing, Dallas, Texas), 15 ოქტომბრისთვის, 3 დადასტურებულ შემთხვევაზე გამოვლენილია 11 კონტაქტი (დადგენილი ექსპოზიციით), და 107 სავარაუდო კონტაქტი (შესაძლო ექსპოზიციით). უფრო ახალი ინფორმაცია ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

CDC-ს და WHO-ს ვებ-გვერდებზე შემთხვევების რაოდენობა არ განახლებულა, თუმცა სხვა წყაროზე დაყრდნობით, შემთხვევათა რაოდენობა 9270-ს გაუტოლდა (ბმული 2).

16 ოქტომბერი, 2014

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით (WHO: Ebola Response Roadmap Situation Report, 15 October, 2014) 12 ოქტომბრის მონაცემებით, სულ მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში (გვინეა, ლიბერია, ნიგერია, სენეგალი, სიერა ლეონე, ესპანეთი და აშშ), რეგისტრირებულია 8997 საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 4493 სიკვდილით დასრულდა.

შემთხვევათა აბსოლუტური უმეტესობა (8973) დაფიქსირებულია გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში და ამ ქვეყნებში ნარჩუნდება შემთხვევათა მატების ტენდენცია.  ნიგერიაში დაფიქსირებულია 20 შემთხვევა, რომელთაგან 8 სიკვდილით დასრულდა; სენეგალში დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა. ამ ორ ქვეყანაში მალე შესრულდება 42 დღე მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა ბოლო კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან, რის შემდეგაც აფეთქება დასრულებულად ჩაითვლება. ესპანეთში დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, მიმდინარეობს 72 ადამიანის მონიტორინგი, რომელთაგან 13 მაღალი რისკის მქონე კონტაქტია. აშშ-ში დაფიქსირდა დაავადების ორი შემთხვევა და სიკვდილის ერთი შემთხვევა. მიმდინარეობს 125 კონტაქტის მონიტორინგი. ესპანეთში და აშშ-ში ყველა შემთხვევა დაფიქსირებულია სამედიცინო პერსონალს შორის, რომლებიც დაინფიცირდნენ დაავადებული პაციენტის მოვლისას. აფრიკის კონტინენტის გარეთ საზოგადოებაში გადაცემა არ ფიქსირდება (ბმული).

აშშ-ში სამედიცინო პერსონალზე გადაცემა დაფიქსირდა ტეხასში, დალასის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც საავადმყოფოს ორი თანამშრომელი დაინფიცირდა. მეორე დაინფიცირებულმა პაციენტმა ინფიცირების შემდეგ იმოგზაურა თვითმფრინავით, რის გამოც ამჟამად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები (CDC) ცდილობენ ამ რეისის ყველა მგზავრის მოძიებას და გამოკვლევას. CDC-მ ასევე გააგზავნა სპეციალური ჯგუფი დალასში სამედიცინო პერსონალის ყველა სხვა წარმომადგენლის შესასწავლად, რომელთაც ასევე კონტაქტი ჰქონდათ პირველ პაციენტთან.  CDC ასევე ამზადებს სპეციალურ რეაგირების ჯგუფს, რომელიც დაუყოვნებლივ იქნება მივლენილი სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სამომავლოდ მოხდება ინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალიზაცია (ბმული).

16 ოქტომბერს ბრიუსელში იმართება ევროკომისიის სპეციალური შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ეპიდემიის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრების სავალდებულო სკრინინგის როლი ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მსგავსი ღონისძიებები უკვე დაიწყო დიდ ბრიტანეთში, ასევე განიხილება ჩამოსული პაციენტების სკრინინგი საფრანგეთსა და ჩეხოსლოვაკიაშიც (ბმული1, ბმული2).

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO